საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

08 აპრილი 2025, 19:55 339 ნახვა

თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. შეჯიბრება ვაჟთა და გოგონათა შორის, როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის ჩატარდა.
ეროვნული პირველობა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფინალისტებმა, ანუ პირველ-მეორე ადგილებზე გასულებმა მსოფლიო თასის სერიების საგზურები მოიპოვეს, რომელსაც სექტემბერში ბათუმის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ქვეყნის პირველობაზე აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მურად ბერიძის ასპარეზობა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული როგორც 11 წლამდელთა, ასევე 13 წლამდელთა შორისაც მოიპოვა, წყვილთა თანრიგში კი ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა.
ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა მარიამ გორგაძემ, რომელიც ზაფხულში, თბილისელ ნიკოლოზ ჩხარტიშვილთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიაში ზაფხულის ახალგაზრდულ ფესტივალზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი