სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით - მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2025, 12:53 260 ნახვა

აბსოლუტურად საფუძვლიანი იყო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რადგან კომისიის მანდატი გაფართოვდა, შესაბამისად ვადის გაგრძელებაც იყო ყველაზე ლოგიკური მოთხოვნა. მხოლოდ იმის გამო, რომ ფორსირებულ რეჟიმში არ მოვახდინოთ რაღაც საკითხის გადაწყვეტა, უარს ვერ ვეტყოდით ვადის გაგრძელებაზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ, ჩემი განცხადების მერე იმედები გაუჩნდათ ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, გამოიწვია მაქსიმუმ 2-3 თვით გადადება. ეს არის ყველაზე მაქსიმუმი ვადა პროცესების გადაწევის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ზედმეტი იმედების მოსაშორებლად ვიღაც-ვიღაცებისთვის, ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით „ნაცების“ პარტიების აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა შსს-მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ეს არის ჭორი. 

მისივე განმარტებით, ამ ჭორს გაგრძელება არ ექნება.

„გეტყვით, რომ ჭორებს ნუ აყვებით, ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია. მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი