შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
უწყების განცხადებით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა.
პოლიციამ ს.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.