აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 6 პირი დააკავა

25 აპრილი 2025, 11:01 262 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

"დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული მ.ჯ., 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 2002 წელს დაბადებული ქ.უ., 2005 წელს დაბადებულები ი.ო., ამავე წელს დაბადებული ჯ.ჯ და უზბეკეთის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული ნ.ჰ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს მ.ჯ.-სა და ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ ე.ი.-ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მოგვიანებით, მ.ჯ.-მ და ამჟამად მასთან ერთად ბრალდებულის სახით დაკავებულმა პირებმა ე.ი. ბათუმში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში იძულებით მიიყვანეს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 10 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულში მონაწილე პირებმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ქალის ნ.ჰ. - ს დახმარებით, მოაწყვეს დანაშაულის ინსცენირება და ე.ი.-ს დაემუქრნენ, რომ თუ მომხდარის თაობაზე სამართალდამცველებს მიმართავდა, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას მისცემდნენ და ქალზე განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესწრო ჯ.ჯ., თუმცა მან სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა. ცხელ კვალზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ექვსივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ი.ო. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 5 ვაზნა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 143-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი