გიგი უგულავამ დაიბარა „ჟინერის“ დირექტორი და იძულების წესით მოაწერინეს ხელი, რომ უარს ამბობდა სასამართლოში სარჩელზე - თეიმურაზ ჭიჭინაძე

28 აპრილი 2025, 12:03 122 ნახვა

გიგი უგულავამ დაიბარა „ჟინერის“ დირექტორი და იძულების წესით მოაწერინეს ხელი იმის შესახებ, რომ უარს ამბობდა სასამართლოში სარჩელზე, რომლის იმედიც გვქონდა, რაღაც პოზიციები უნდა აღგვედგინა, - ამის შესახებ 1998-1999 წლებში „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭიჭინაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ერთი ისეთი სარჩელი სასამართლოში, რომლის იმედზეც ვიყავით. ალბათ, ეს სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და ყველაფერი ჩაეყრებოდათ წყალში. ეტყობა, სერიოზული დავალება ჰქონდა, „ჟინერი“ ბოლომდე წაეღოთ და პირველი, რაც უგულავამ გააკეთა, წყალკანალის უფროსად მოიყვანა ვინმე გეგი ქელბაქიანი და გაუშვა სერიოზული პროფესიონალი ცარციძე. ჩვენ იურიდიული კომპანია გვემსახურებოდა, რომლის იურისტები შემდეგ უგულავამ გამოიყენა, ერთი თავისთან წაიყვანა ქონების მართვის სამმართველოს უფროსად, მეორე კი გამოუშვა ჩვენთან სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ იურიდიულ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ათი წლის განმავლობაში რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენგან არავითარი ინფორმაცია გარეთ არ გასულიყო. გამოიყენა რა ეს ხალხი, ალაფიშვილი და ყავლაშვილი, მოხდა „შემოსევა“. ორი დღით წავედი შვეიცარიაში, „ჟინერმა“ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. ამ დროს „ჟინერის“ დირექტორი ჩაჩხიანი დაუბარებია უგულავას და სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარის თქმა მოსთხოვა. ჩაჩხიანს არ ჰქონდა უფლება და წავიდა უარზე. მას არ ჰქონდა უფლება, ჩვენ გარეშე მოეწერა ხელი ამაზე. უგულავას მთელი დღე ჰყავდა დაკავებული თავის კაბინეტში, ბევრი რამ მოიგონა, ბლანკი არ მაქვს და ასე შემდეგ, ბოლოს, იძულებული გახადეს, დაერეკა ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორისთვის, ალეკო კობაიძისთვის, რომელსაც ჟინვალიდან ჩამოატანინეს ბლანკი. ეს უკვე ღამე ხდება და იძულების წესით, მოაწერინეს ხელი იმის შესახებ, რომ უარს ამბობდა სასამართლო პროცესზე, რომლის იმედიც გვქონდა, რაღაც პოზიციები უნდა აღგვედგინა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

როგორც თეიმურაზ ჭიჭინაძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, კომპანიის პარტნიორები და ინვესტორები დაზარალდნენ, ვინაიდან მათი მრავალმილიონიანი ქონება კონკრეტულმა ჯგუფმა გადაინაწილა. ჭიჭინაძის თქმით, წინა ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო წყლის ტარიფის გაძვირება.

„ჩაატარეს კრება, ხალხი, რომელიც ვახსენე, შემოვიდნენ სამეთვალყურეო საბჭოში. მათი მიზანი იყო, გაეკოტრებინათ და გაეუქმებინათ კომპანია, რათა შემდეგ არანაირი პრეტენზიის წამოყენების უფლება არ გვქონოდა. გააკოტრეს და მთელი ამ ქონების, ჩვენი ნაშრომის, ნაწვალების, მრავალმილიონიანი ქონების გადანაწილება მოხდა. ამ ჰესის გარდა, გვქონდა ძალიან ბევრი რამ, დმანისში კიდევ მეორე ჰესი და ყველაფერი გადაინაწილა ამ ჯგუფმა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჰესი წაიღეს და ჩვენ – პარტნიორებმა, ინვესტორებმა ვიზარალეთ. მათი მთავარი ამოცანა იყო, წყლის ტარიფი გაეძვირებინათ, რასაც ჩვენს პირობებში ვერ ახერხებდნენ, რადგან დაბალი იყო ენერგიის ტარიფი, წყალი უფასო. როგორც კი ეს გაკეთდა, მოგეხსენებათ, კატასტროფულად გაიზარდა ფასი, მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს მოსახლეობას და დღესაც იხდის. პარადოქსია, რომ ყველაზე იაფი ნედლეული, რომელიც საქართველოშია, დღეს ყველაზე ძვირი ღირს“, – განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის განცხადებით, საბოლოოდ მიაღწიეს იმას, რომ წილი დათმეს, რადგან წნეხს ვეღარ გაუძლეს.

„შემიყვანეს ოთახში და დაიწყეს დამუშავება. ჯერ შეთითხნილი საქმე მანახეს. მე ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. როგორც მოგეხსენებათ მართვაში სამეთვალყურეო საბჭო არ ერევა და რაღაც შეთითხნილი ბრალდება დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა უკვე წარდგენილი, რომელიც მე არ ვიცოდი, წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ „უნდა დათმო შენი წილიო“. იმ პერიოდში საკრებულოში საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, „მრეწველები“ კონსტრუქციული ოპოზიცია ვიყავით და ბოლომდე არ მეგონა თუ რაღაც ასეთი [მოხდებოდა]. მოვითხოვე ადვოკატი და უარი მითხრეს. მოვითხოვე კეზერაშვილთან შეხვედრა, კეზერაშვილი არ იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ იმ პერიოდში სულ იქ მოძრაობდა, მიცნობდა, ვიცნობდი და ისიც დაიმალა. ჩემი გულუბრყვილობით ვთხოვე, იქნებ პრეზიდენტთან დამარეკინოთ მეთქი და ყოველგვარ იზოლაციაში მომაქციეს. დაიწყო დამუშავება, ხან შვილებს მიხსენებდნენ, სამი ბიჭი მყავს და „უნდა დათმო“. პარალელურად დაუკავებიათ [შპს „ჟინერის“ დირექტორი] ბატონი ჩაჩხიანი, რომელიც ჟინვალიდან ჩამოიყვანეს და სხვა ოთახში დასვეს. მას წინ დაუდეს ჩემი ბრძანება, რომ მე ბრალდება მაქვს და მაკავებენ, მასზეც ის ზემოქმედება იყო, როგროიც ჩემზე, რომ მას (ჩაჩხიანს) იჭერდნენ. ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა. მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ასეთი დამუშავება. არ დამაკავშირეს იურისტებთან, რომ არ ხარ შენ ბრალდებულიო, მოწმე ხარო და ყოველ შემთხვევაში მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ წილი დავთმეთ. ვეღარ გავუძელით ამ წნეხს“, - განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი