3 საათზე მეტია მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი იკითხება. გრიგოლ ბესელიამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში 11-12 იანვარს აჭარის მთავრობასთან და პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები და შეურაცხმყოფელი იყო სამართალდამცავის ქურთუკზე სტიკერის გაკვრა, ასევე მზია ამაღლობელის ქმედება იყო შეურაცხმყოფელი.
მან სასამართლოს განუმარტა, რომ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე და მენეჯერი მზია ამაღლობელი. ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ არ დაუნახავს სამართალდამცავებს აყენებდა თუ არა ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოწმემ რამდენიმეჯერ ახსენა, რომ აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად ძაბავდნენ ვითარებას და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ამაღლობელიც და სხვებიც გათავისუფლებაზე უარს აცხადებდნენ. მან რამდენჯერმე ახსენა თავდასხმა, რომელიც მისი მტკიცებით ამაღლობელმა განახორციელა დგებუაძის მიმართ, როცა სამართალდამცავი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
ადვოკატების შეფასებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში რაც ბესელიას ჩვენებებს გაამყარებს მათ შორის იმ ფაქტს, თითქოს ამაღლობელი დაესხა თავს დგებუაძეს. ამაღლობელის საქმის განხილვას ამაღლობელის მხარდამჭერების გარდა, ბრიტანეთის, ჩეხეთის და პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.