2024 წელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირს - სუს-ის ანგარიში

29 აპრილი 2025, 16:23 127 ნახვა

2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები.

„სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ. დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან  საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

უწყების ანგარიშით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება.

„სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. ამასთან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.

„სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები.

საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა. იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა.

საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“.

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ ასევე იგეგმებოდა, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. ამ მიზნით, განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხელისუფლებას.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენებოდა ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი