არავითარი რეპრესიები არ ხორციელდება, არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა, თუ დაირღვა, არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ - ალექსანდრე დარახველიძე

30 აპრილი 2025, 14:28 103 ნახვა

გამოძიება დაწყებულია კონკრეტული მუხლებით. საკმაოდ მძიმე მუხლებია, რითაც გამოძიება არის დაწყებული, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირად საცხოვრებელში ჩხრეკა ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევაა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი კონსტიტუციითა და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება.

„პირდაპირ ეთერში რასაც ვუყურე და რა განცხადებაც გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ, არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩხრეკა ჩატარებულიყო. სათანადო დასაბუთებაც არსებობდა, რადგან მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა, რომ აქ აუცილებელი იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება.

 

პოლიცია ადგილზე იყო მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად. ადვოკატები მონაწილეობდნენ პროცესში. ალბათ, მათ საპროცესო გარანტიების ფარგლებში ექნებათ მასალებზე წვდომა და შესაბამისად, შეუძლიათ, კონკრეტული ღონისძიებები გაასაჩივრონ ან შესაბამისი პროცედურები წარმართონ, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად.

„რა რაოდენობა იქნება, ეს ჩვენი შიდა სამუშაოა. ჩვენ თავად ვაფასებთ, რა რაოდენობის პოლიციელი გამოვიყვანოთ კონკრეტულ ღონისძიებაზე, რათა უსაფრთხოდ ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება. არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება. ხორციელდება ის, რაც ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება გვაქვს და ვაკეთებთ იმას, რაც განსაზღვრულია. რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, არსებობს შესაბამისი წესები. რამე თუ დაირღვა, არსებობს იმ წესების გასაჩივრების მექანიზმები. რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? ვფიქრობ, არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ. არსებობს მექანიზმები, იციან ადვოკატებმა, ჩაიხედონ იმ მუხლებში და რამეს თუ არ ეთანხმებიან, გაასაჩივრონ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში