პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ განახლდება. პროცესი წინა ხელისუფლების პერიოდში ძალადობის მსხვერპლთა საქმეების განხილვით გაგრძელდება, ერთ-ერთი, ვინც ხვალინდელ სხდომაზე კომისიის წევრებს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი იქნება. რომელსაც გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე.
ასევე 2018 წელს გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. შეგახსენებთ რომ დროებით საგამოძიებო კომისიას, მანდატი ერთი თვის ვადით 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდა, კომისიის წევრების განცხადებით მოქალაქეებისგან უკვე შესულია 400-ზე მეტი განაცხადი, მათი საქმეების განხილვის და სამართლიანობის აღდგენის თხოვნით.