ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის ნებასა და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი.
„ქართველმა ხალხმა, 54-პროცენტიანი მხარდაჭერით გამოგვიცხადა ნდობა შარშან ოქტომბერში, როცა შედგა საპარლამენტო არჩევნები. სხვას არავის აქვს უფლება, ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციაზე. ერთადერთი სუბიექტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ 80-იან წლებში. მაშინ გახსოვთ, იკრძალებოდა ყველაფერი მოსკოვში. დისერტაციას რომ იცავდნენ, იმასაც კი მოსკოვში აგზავნიდნენ დასამტკიცებლად.
დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება გარედან არავის დამტკიცება. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებას, არის ქართველი ხალხი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. სამწუხაროდ, არ სცემენ ამ ყველაფერს სათანადო პატივს, თუმცა ქართველ ხალხს და მის ნებას, არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 26 მაისის სხვა ფორმატში აღნიშვნის ინიციატორებს სურთ საზოგადოება ყველაფერში გახლიჩონ.
„ესეც არის „დიფ სთეითის“ დაკვეთა. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ თარიღებთან დაკავშირებით როგორი ხელოვნური დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერსო და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი, სხვა ტიპის თარიღებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს 26 მაისს. ჩვენ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ!“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.