რაც შეიძლება „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის - მამუკა მდინარაძე

07 მაისი 2025, 16:30 139 ნახვა

ის, რაც შეიძლება „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა თავად არიან დაინტერესებული არასამთავრობოების გამჭვირვალობით.

„როცა ჩვენ ვიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ეს ჩვენთვის არ შეიძლება, რადგან ჩვენ აგენტებმა უნდა გვმართონ, ეს არის მათი მიზანი. როდესაც თავად იღებენ, მაშინ გამჭვირვალობა კარგია. აშშ-ში რაღაც არის კარგი, ის ავტომატურად, სარკისებურად საქართველოში არის ცუდი, რადგან აშშ-ში მის ხელისუფლებას, ხელისუფალს ბუნებრივად აქვს ინტერესი, რომ თავისი ქვეყნის მართვაში ერთი ადამიანიც კი ვერ ჩაერიოს გარედან, ვერავინ უნდა გაბედოს. ეს სწორი დამოკიდებულებაა, მაგრამ რატომ უნდა გვმართოს ჩვენ რომელიღაც აგენტმა, რომელიც ყოველთვიურად, ასევე სხვა ინტენსივობით იღებს გარკვეულ თანხებს და ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ხელმოწერილიც აქვს რაღაც ვალდებულებები.

 

რატომ არ უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ადამინმა, ადამიანთა ჯგუფმა, პარტიამ და რატომ უნდა გვმართოს ვიღაცის ხელდასმულმა აგენტურამ? თუ ამერიკაში კარგია, თუ ევროპაში კარგია, ცუდი როგორ არის საქართველოში? ჩვენ გვიყურებენ როგორც პატარა, დაბალ ღობეს და ასე არ შევახედებთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს უკვე იმის ძალა, რომ ვთქვათ, რაც უნდა მოიტყუიონ, ისპეკულირონ, რაც უნდა უტოპია შესთავაზონ ე.წ. ლოგიკის სახით საზოგადოებას, საქართველო დადგა იმ დონეზე, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და თავად ქართველი ხალხის მიერ. აღარ მოხდება. მარტო ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის ხელისუფლებაში, ჩვენ დავდეთ პრეცედენტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შევქმენით ეს პრეცედენტი, რომლის თანახმადაც, ვეღარავინ ვერასდროს მართოს ეს ქვეყანა გარედან, ქართველი ხალხის და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ აქ, ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია საკუთარი სამშობლო, მისი მსახურება და გაერთიანება.

„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, გადაწყვეტილებებზე ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გარედან დანიშნულმა ვინმე ადამიანმა. ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენი აფხაზი-ოსი დებისა და ძმების წინაშე ვალდებულება შერიგების. ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ხალხის კეთილდღეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

პარტიული მიზენები დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსათვის ბრძოლა, რომ გარედან არ გიმართონ შენი ქვეყანა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით,  შემდგარი ფაქტია, რომ საქართველო დღეს არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით.

„ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომ შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანამდე სიმართლე, ფაქტობრივი სიზუსტე. მსოფლიო ბანკის მონაცემები გამოქვეყნებულია. ყველამ ვიცით, რომ ვართ ევროპაში პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპით “, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში