რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება ჩვენი გაცხადებული მიზანია - ირაკლი კობახიძე

07 მაისი 2025, 16:17 79 ნახვა

რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციური არიან.

„გამოსვლაში ვსაუბრობდი გაერთიანებაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე, რაც შეეხება რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც უნდა დასრულდეს, ვფიქრობთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი არსით არიან არაკონსტიტუციური. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ.

მისივე თქმით,  არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია.

„პროცესები ისე მიდის, რომ სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი. რაც შეეხება უკან დახევას, ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხისა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ამ ბრძოლას გავდივართ ამდენი ხანია. ჯერ იყო არაფორმალური სანქციები, შემდეგ იყო ფორმალური სანქციები. ბრძოლა წარიმართება. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და აქ უკან დასახევი არაფერი გვაქვს. ვადამდელი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და არა ვიღაც სხვა მთავრობის გადაწყვეტილება. პირველი, რაც უნდა ქართველ ხალხს, ეს არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება და ქართველი ხალხის ღირსების დაცვა. დღეს ამისთვის წარიმართება ბრძოლა. 2022 წლის დასაწყისიდან ჩვენ გამოვიარეთ სერიოზული ზეწოლა, ვერ ჩაგვრთეს ომში, ვერ გააჩაღეს საქართველოში მეორე ფრონტი, ამან გამოიწვია „დიფ სთეითის“ განაწყენება და ამის შემდეგ გრძელდება შანტაჟი და მუქარა ხან ფორმალური, ხან არაფორმალური სანქციებით. ქართველ ხალხს სურს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა, ეს არის მთავარი ღირებულება ქართველი ხალხისთვის და ჩვენ ვიცავთ ამას“, – განაცხადა პრემიერმა.


 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში