მზად ვართ, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც 30 წელია, ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დრო დადგა, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს სათანადოდ დააფასოს - შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2025, 12:26 110 ნახვა

მზად ვართ, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც 30 წელია, ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დრო დადგა, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს სათანადოდ დააფასოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ და გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც ქაღალდად იყო ქცეული.

„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც აშშ-სა და ამერიკელი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ქვეყანასთან, საქართველოსთან გაიფუჭა ურთიერთობა. აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაცია ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას და ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში, აფინანსებდა მოძალადე ჯგუფებს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას. საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმას უფინანსებდა პირდაპირ იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. იმ ჯგუფებს, რომლებიც ყალბ იდეოლოგიას ავრცელებდნენ საქართველოში. ნახეთ, შეიცვალა ადმინისტრაცია, სადმე ნახეთ რომელიმე „ენჯეო“. ისინი ხომ ამბობენ, რომ ხალხის ინტერესებით არიან და ქართული „ენჯეოები“ არიან, სად არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც აქამდე ლგბტ პროპაგანდით იყვნენ დაკავებული? რატომ არ იღებენ ხმას? ამით ეწინააღმდეგებიან თავიანთი დამფინანსებლის ინტერესებს და ამიტომაც გაჩუმდნენ საბოლოო ჯამში.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის ხალხთან, რომელიც ყველაზე ძლიერად დაუდგა ბრძოლაში ამერიკელებს. ავღანეთში ჩვენ ვიყავით აბსოლუტური რიცხოვნობით მეოთხე ქვეყანა და ვიბრძოდით წინა ხაზზე. ახლა რომ ზოგიერთი ბალტიელი ქვეყანა ჭკუას გვასწავლის და თითქოს ომისკენ რომ იწევენ, 50 კაცით რომ იყვნენ წარმოდგენილი შტაბებში, ქართული ჯარი იყო 1 000 და 1 500-კაციანი კონტინგენტით ავღანეთში. აი ასეთ ხალხს, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ ცარიელი ქაღალდი იყო, რადგან არაფერი სრულდებოდა, რაც შიგნით ჩადებული იყო, ქაღალდად იყო ქცეული წინა ადმინისტრაციის ხელში. ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან ზუსტად ამ საკითხებზე გვაქვს კომუნიკაცია და მათ იციან ჩვენი მოლოდინები, რომ საჭიროა, გამოსწორდეს ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი, სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები. ის, რასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ასევე აშშ-ს საელჩოს გუშინდელ განცხადებას, რამდენიმე სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე. 

„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო, რომ ხანძარია. სამწუხარო არის, მათ შორის სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე. ასეთ დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან, ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანია, გასაკვირიც, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. ვნახეთ, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხზე, რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საელჩოს განცხადებით რადიკალურ ოპოზიციას ნოყიერი ნიადაგი მიეცა, რომ საზოგადოებაში პანიკა დაეთესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში