სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი - შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2025, 14:59 99 ნახვა

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს.

,,სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა.

ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. რომ არა ეს ბრძოლა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე.

ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება.

საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინეტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია,” - წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში