საზოგადოების ინტერესია, აშშ-თან გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, საუბარია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე - პრემიერი

14 მაისი 2025, 23:57 98 ნახვა

საზოგადოების ინტერესია, აშშ-სთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი ღია წერილით მიმართვა განპირობებული აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ე.წ. მეგობარი აქტის მიღებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი.

„ე.წ. მეგობარი აქტის მიღება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იყო არა გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დუმილიც ბოლომდე დუმილი არ არის, დუმილი შეიძლება უწოდო რაღაც მდგომარეობას, თუ ნეიტრალური სტატუსია ურთიერთობებში, თუმცა ეს სტატუსი ჩვენს ურთიერთობებში ნეიტრალური არ არის. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები, მაგალითად, ჩვენს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებებიდან, ასევე რომ აღვნიშნოთ „მეგობარი აქტი“ და ა.შ. ეს არ არის ნეიტრალური დუმილის მდგომარეობა, არ არის პასიური სტატუსი, ჩვენს ურთიერთობებს ერთგვარი აქტიური უარყოფითი სტატუსი აქვს, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გავახმოვანოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესი. საზოგადოების ინტერესია, გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს. ვნახოთ, ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, იმედი გვაქვს, დამარცხდება „დიფ სთეითი“, ყოველ შემთხვევაში, შესუსტდება მაინც ტრამპთან ბრძოლაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.

„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იგივეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან 5 და 6 პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-სთან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა  80-იან წლებში, იმიტომ, რომ იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი