თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის წინააღმდეგ ჩვენება დღეს პროკურატურის ორმა მოწმე დაზარალებულმა პოლიციელმა მისცა.
მოწმემ ნიკოლოზ ხურცილავამ მოსამართლეს უთხრა რომ მას აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს და მიიღო დაზიანება. თუმცა მან ბრალდებულები ვერ ამოიცნო.
მეორე დაზარალებულმა მოწმემ კი დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის დროს ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა, რასაც პროტესტი მოჰყვა ბრალდებულების მხრიდან.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დარბაზში მყოფი ერთი პირი გააძევა, ხოლო ბრალდებულებს შენიშვნა მისცა.
დღევანდელ პროცესზე პასუხისგებაში მიცემულმა რევაზ კიკნაძემ საგამოძიებო კომისიის მიერ დაჯარიმებულ პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა გირაო არ გადაიხადონ და არ მიატოვონ თანამებრძოლები.
მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტს ონისე ცხადაძეს, ასევე ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.