ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება 

23 მაისი 2025, 14:03 114 ნახვა

28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ხორვატია ქვიშაზე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპს და ასაკობრივ კატეგორიებში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას  ბათუმში გადიან.

საქართველო ხორვატიაში 19 მოჭიდავით იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოს მეორე სერია დიდების კატეგორიაში გაიმართება, რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, ევროპის ჩემპიონატი 15, 17 და 20 წლამდელთა შორის ჩატარდება. დღეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთხივე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და მათ ახალი ეკიპირება გადასცა. ვარჯიშის პროცესს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აქვე გეტყვით, რომ დიდების და 17-წლამდელთა ნაკრების ტურნირზე გამგზავრებას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია უზრუნველყოფს, 15 და 20 წლამდელთა გუნდები კი ხორვატიაში აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ქედის სასპორტო სკოლის მხარდაჭერით გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, რომელიც მექსიკაში გაიმართა, ქართველი მოჭიდავეების მონაგარი 2 ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში