პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება გაიმართა

24 მაისი 2025, 14:25 60 ნახვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა ჟღენტმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და მისწრაფებებზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის სატრანზიტო დერეფნებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა სტუმრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პოლონეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ნარგიზ გურბანოვამ.

„როგორც აზერბაიჯანის ელჩი, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მსურს, მივულოცო მოძმე ქართველ ხალხს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს ეს ღირსშესანიშნავი დღე. საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ერები და მუდმივი პარტნიორები არიან. ჩვენმა პარტნიორობამ რეგიონი არნახულად შეცვალა. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და სიმტკიცე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნა გურბანოვამ.

პოლონეთში უნგრეთის ელჩმა, ისტვან იგიარტომ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი უნგრეთის მხარდაჭერა დაადასტურა.

„უნგრეთსა და საქართველოს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და მინდა, თქვენს ხალხს ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა იგიარტომ.

პოლონეთში სერბეთის ელჩმა, ნებოიშა კოშუტიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ელოდება.

„როგორც სერბეთის ელჩი პოლონეთში, საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი, რადგან ყველა სერბი ქართველის მეგობარია. განსაკუთრებული პატივია ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. გულითადად ველოდები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც სახელმწიფო, ასევე ხალხის დონეზე. მე ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები ინტენსიურ ხასიათს იძენს, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა დამატებით კონტრიბუციას შესძენს ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ სულ მალე თბილისში უფრო მაღალ მუდმივ დონეზე ვიქნებით წარმოდგენილი და ველოდები ჩვენი ქვეყნების ნათელ ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა კოშუტიჩმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პოლონეთში იტალიის ელჩმა, ლუკა ფრანკეტი პარდომ.

„პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე. საქართველოს ელჩი, ჩემი მეგობარი შესანიშნავი დიპლომატია, რომელიც თავის მოვალეობას საუკეთესოდ ასრულებს“, – განაცხადა პარდომ.

პოლონეთში უზბეკეთის ელჩმა, ამირსაიდ აგზამხოჯაევმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებაზე ისაუბრა.

„საქართველოს, მინდა, ვუსურვო კეთილდღეობა. როგორც იცით, უზბეკეთსა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, რაც შესანიშნავი ფუნდამენტია დღეს არსებული თანამშრომლობის მომავალში გაღრმავებისთვის, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა აგზამხოჯაევმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში