მაკრონმა რაც მითხრა ალბანეთში, თავისი არსით ეწინააღმდეგება გავრცელებულ განცხადებას, აქედან ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“ - პრემიერი

27 მაისი 2025, 12:19 173 ნახვა

მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებიდან პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძის თქმით, ალბანეთში მას მაკრონმა რაც უთხრა, თავისი არსით ეწინააღმდეგება გავრცელებულ განცხადებას.

"სამმხრივ განცხადებას რაც შეეხება, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“. პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე და ამ დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა. პროტოკოლს და ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.

რაც შეეხება მაკრონს, რაც მე მითხრა ალბანეთში, არის თავისი არსით წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ძალიან სერიოზული გავლენა არის ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაკრონმა, ტუსკმა და მერცმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში