მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის წერილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მილოცვის შინაარსი, ეს არის კარგი სიგნალი - შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2025, 15:11 157 ნახვა

მისასალმებელია მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოდს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იქნა გაგზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მილოცვის შინაარსი.

„უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია ის მილოცვბის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იყო გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში - ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვფიქრობ, ეს არის კარგი სიგნალი.

 

რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც ფეისბუქზე ვიხილეთ - პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს, უცნაურია - როგორც თვითონ საუბრობენ, რამდენიმე დღის წინანდელი ამბავს, მაინც და მაინც პრეზიდენტ ტრამპის უშუალო მილოცვის მეორე დღეს გამოეხმაურნენ, უფრო სწორად, ამ საკითხს მიაყოლეს ეს განცხადება”, - განაცხადა შალვა პაპაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც  ხელისუფლებას აქვს.

"მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან, ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მთავარ ამოცანად, მათ შორის, თავისი წარმატების საზომადაც დაისახა...

ამ მხრივ, ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივრები ვართ და მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, პირდაპირ პროპორციული იქნება „დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან. პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მოთხოვნას, დაისაჯოს ის პირი, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ვფიქრობ, საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ორმაგი სტანდარტი. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები. არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, „ბ“ , „ც“ და ა.შ. ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში. გახსოვთ, ამაზე ვიდეოშედარებაც გამოვაქვეყნე - როგორ ააფეთქეს ბერლინში მაშხალა შენობაში და ამის გამო ადამიანი დაიჭირეს და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა და ამაზე გვითხრეს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და ამბობს, რომ მის [თავდამსხმელის] მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს, მეორეს მხრივ, ადამიანზე, რომელმაც ვერბალურად შეაწუხა, გვეუბნება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდეს.

ამ ისტორიის მთელი ცინიზმი იმაშია, რომ თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს თავად ელჩი რომ ვერბალურად შეაწუხეს, სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს. აქ ხომ ჩანს მთელი ამ პროცესის ფარისევლობა?! სამართალდარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება სამართალდამცავი უწყებების ვალია, მე უბრალოდ მინდა დაგანახოთ რამდენად უტიფარია ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით ხოლმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ოპოზიციის პრობლემაა, რომ გარედან კარნახით მოქმედი ჯგუფები არიან, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა გარემოცვამ აღლუმი ჩააბარეს გორბაჩოვის თანამებრძოლ ლიტველ დეპუტატს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში