ჩვენი ეროვნულობა, ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო პროევროპული, არ ნიშნავს ანტიქართულს.
„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის.
თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის, და არა იმ „დიფ სთეითისა“, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი. ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში, მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. ჩვენ ვართ ევროპული ერი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია.
„ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული არ ნიშნავს ანტიქართულს. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობის და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ეროვნულობა, ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას, ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება.
„დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას, ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ. აგრესიული და შეუწყნარებელი უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება. ტოლერანტობას ამოფარებული ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
„მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას, რათა ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავარჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილას. წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.