მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა - ლევან დავითაშვილი

03 ივნისი 2025, 12:42 248 ნახვა

„მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის - სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა  აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ეს ორი სტრატეგიული მიზანია გაცხადებული და დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ არის ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. თქვენ იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის - სიღარიბის დაძლევის კუთხით. 

„ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს - აქაც გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ, აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი ასევე იმატებს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში