მოსამართლე მარიანა ფომაევამ აქტივისტი ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. შსს მას ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
საუბარია 11 იანვარს აქტივისტის მიერ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ქვაფენილზე სტიკერის დაკვრის ფაქტზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთსა და იმავე აქციის საქმეზე ქათამიძე ამჯერად მეორედ დააჯარიმა.
პირველი ჯარიმა 2000 ლარი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
ციალა ქათამიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტიკერის ქვაფენილზე დაკვრას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ კრძალავს, სასამართლო იყო მიკერძოებული და მხოლოდ ოქმის შემდგენი მხარის პოზიცია გაიზიარა.
ქათამიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.