დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს - ირაკლი ქადაგიშვილი

07 ივნისი 2025, 19:07 122 ნახვა

ოპოზიციაში ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკა აბსოლუტურად წარუმატებელი, აბსურდული და დამაზიანებელი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, მამუკა ხაზარაძესთან ერთად, თითქმის ყველა მიიღებს.

„ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკა აბსოლუტურად წარუმატებელი, აბსურდული და დამაზიანებელი იყო. რა მოუტანა პარლამენტის ბოიკოტმა, საკუთარი ამომრჩევლის ნების უგულებელყოფამ, ქვეყნის კონსტიტუციის მდგრადობის შელახვის მცდელობამ – არაფერი კარგი. მათ მიერ განვლილი გზა არის აბსოლუტურად უპერსპექტივო, ამიტომ, ბუნებრივია, ახლა შიგნით დაიწყება ამაზე ღიად საუბარი. დარწმუნებული ვარ, არა მარტო ხაზარაძე, არამედ ოპოზიციაში თითქმის ყველა საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გარედანაც უთხრეს, რევოლუციების თავი თქვენ არ გაქვთო და საერთოდ რომ არ გაქრეთ პოლიტიკური ველიდან, იქნებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობაო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში