თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს

09 ივნისი 2025, 11:35 94 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოების ნაწილმა ნახა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მინდა, მოვყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას თავს დაესხნენ, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული, ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია, დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს. მათ შორის ჩვენი უფროსი, ათი წლის შვილის სკოლის და ჩვენი 2.5 წლის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი, მაგრამ, ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე შვიდი წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არ არის და ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება. ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის ყველა წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც, როგორც მეუბნებიან, მე, როდესაც აშშ-ში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა, გარკვევით ვთქვა – არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის. რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია, დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი.

აქვე ვიტყვი – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ეს არის თავისა და ხალხის მოტყუება. აქაც უნდა ითქვას სიმართლე. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში