„გრანტების შესახებ“ კანონი, წესით, რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს, ცუდია, როცა ბრიტანეთის საელჩო რამდენიმე დღით ასწრებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს - მდინარაძე

11 ივნისი 2025, 15:20 179 ნახვა

ძალიან მალე ძალაში იქნება შესული შესაბამისი ნორმა და ქართველი იქნება თუ ბრიტანელი, საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედონ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრანტზე საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.

„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, დაახლოებით ამას ჰგავდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება. წესი არსებობს, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ. იცით, რომ ეს მიმდინარე პროცესია. წესით, რამდენიმე დღეში კანონი უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმად, შეგიძლია, მთავრობას მიმართო და კეთილშობილური მიზნები თუ გაქვს, თანხმობას მიიღებ. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან. ზუსტად როცა იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება, შემდეგ მთავრობას მიმართავ და შეგიძლია, თანხმობა მიიღო და დღეს ამბობ, რომ ეს საშინელება ხდება, ეს ძალიან ცუდია რამეა, რაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს შეუძლია, გააკეთოს. აქ სადიალოგო არაფერია. ძალიან მალე ძალაში იქნება შესული შესაბამისი ნორმა და ქართველი იქნება თუ ბრიტანელი, საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედონ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრანტზე საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში