ისრაელმა, გვიან ღამით, იერიში მიიტანა და შეტევა განახორციელა ირანზე. BBC-ის ინფორმაციით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ სალამი თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორისაა. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულები არიან ასევე ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი და თეირანის „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მეჰდი თეირანჩი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“. ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის მხრიდან შურისძიებას ელოდება.
თავის მხრივ ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირანს უფლება აქვს, ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღოს. მათივე განცხადებით, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე.
„ირანი ყოყმანის გარეშე დაიცავს ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.