შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 7 პირი დააკავა

20 ივნისი 2025, 11:26 160 ნახვა

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს და ათი ობიექტი დახურეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

„გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდი ადმინისტრატორი დააკავა და ათი ობიექტი დახურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში