დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა - შალვა პაპუაშვილი

20 ივნისი 2025, 15:58 113 ნახვა

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი, მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.

ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.

20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.

ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის ნაცმოძრაობა და მათი პარტიული მედია, წლების განმავლობაში, მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები – ფაქტებზე აღქმების გაბატონება – რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.

ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი, რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების – „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები – ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.

20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდოპროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.

საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენე წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ.

იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები, იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი, იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა, იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს, იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში