გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას, რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი - პრემიერი

23 ივნისი 2025, 11:46 114 ნახვა

გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ  უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელები იყვნენ.

„არ ვიცი, რა შუაშია კახა კალაძე? „თბილსერვისში“ კი ბატონო. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

„კონკრეტული საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი