სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, კვლავ ძალის მეთოდებით იმოქმედოს სხვა ქვეყნისა და ხალხების მიმართ - შალვა პაპუაშვილი

23 ივნისი 2025, 14:59 94 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არის, თუმცა თუკი ადგილი ექნება თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ამის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ არ შეგვიძლია. ვნახეთ, რომ მაგალითად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არცერთი სამართლებრივი საფუძველი მოყვანილი არ ჰქონდათ და დღემდე არ დაუსახელებიათ სამართლებრივი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც საფუძვლად იქნა აღებული  შეჩერებისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ვხედავთ, რომ ისინი, ვისაც აქვს საკმარისი ძალა, ცდილობენ, იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, კვლავ რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედოს სხვა ქვეყნის და ხალხების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო მინისტერიალის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ლიდერები ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„მე მაშფოთებს ის დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც ამ შეხვედრის წინ სხვადასხვა მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, როდესაც საქართველოს მიმართ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოსდა დემოკრატიულ უკუსვლასთან და არასწორი გზით სიარულთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც წესით, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები უნდა ებრძოდნენ და არა ავრცელებდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის კამპანიები საქართველოში ევროკავშირიდან მომდინარე თანხებით ფინანსდება, ამ დროს კი არც ევროკავშირის ელჩს და არც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მათ მიერვე დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილისა და ძალადობის გაღვივება არცერთხელ არ დაუგმიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი