რამდენიმე წუთში პარლამენტში, პლენარული სხდომა დაიწყება, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებენ. სიახლის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.
საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას მოსამართლისადმი უპატივცემულობის შემთხვევაშიც. ცვლილებებით სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა უქმდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი სასამართლოში მიმდინარე პროცესების დამალვაა.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ინიციატივები ევროპული სასამართლოს წესებთან თანხვედრაშია.