ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე ხუთი დღე, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმით, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას ვერავის მისცემს. მისივე განცხადებით, გარედან მუდმივი რყევის ფონზე, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც.
„ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე ხუთი დღე, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმით, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს. ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად თვალნათელი და სრულიად აშკარა. ჩვენ ვერავის ვერ მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან რთული და ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს, ვინც ამ ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთაში იყო ჩართული; მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველო ამ თავდასხმის აღკვეთა. რა თქმა უნდა, მთავარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომ არა ქართველი ხალხი, მისი სიბრძნე, მხარდაჭერა ვერცერთი ეს შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც გამოვლინდა გასული წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში. ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული უხეში გარე ჩარევა, ყალბი გზავნილის თავს მოხვევის მცდელობა, თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის. ასეთი გზავნილები ძალიან კარგად გახსოვთ, სინამდვილეში, ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, თუმცა სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ, ომი და მშვიდობა. საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობაა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან.
მისივე თქმით, ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის ყველა მცდელობას, რაც ხდებოდა გარე, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, წლების განმავლობაში.
„ამ ყველაფერს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთდა ესეც ხდებოდა გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და არც მომავალში დავუშვებთ. ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან მკაცრად სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის აბსოლუტურად ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საამაყო ქვეყანა და ძალიან ღირსეული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ითვლის 3 000 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ფარნავაზიდან მოყოლებული, ითვლის 23 საუკუნეს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა წინაპრებმა, მათ შორის, 90-იანი წლების ომების გმირებმა, 2008 წლის ომის გმირებმა და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ეროვნული ინტერესები. ამისკენ იქნება მთავრობის საქმიანობა მიმართული მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.