სპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით ბიუჯეტი 53 მილიონი ლარით გაიზარდა - პრემიერი

27 ივნისი 2025, 14:26 120 ნახვა

სპორტი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ ჩვენ ცალკე გამოვყავით სპორტის სამინისტრო, სპორტის ბიუჯეტი გაიზარდა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით, 245 მილიონი ლარიდან 298 მილიონ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინვესტიციებს სპორტის სფეროში მოაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები გამოხატულია კონკრეტული მონაცემებით.

„შარშან ჩვენ გვქონდა საერთაშორისო მედლების რეკორდული რაოდენობა 1 259 საერთაშორისო მედალი აიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა გასული წლის განმავლობაში. თითოეულ სპორტსმენს ეკუთვნის ჩვენი განსაკუთრებული მადლობა, აქედან 441 იყო ოქროს მედალი, 413 ვერცხლი, 445 ბრინჯაოს მედალი.

 

აქვე მინდა, შეგახსენოთ, როგორი იყო სპორტის მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ფეხბურთელები საამაყოდ წარსდგნენ ევროპის ჩემპიონატზე, პირველად გამოვიდნენ და პირველივე ჯერზე მათ შეძლეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ასევე პირველად ისტორიაში, ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ასე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რამდენიმე წუთი დააკლდათ ჯგუფური ეტაპის გავლამდე, დასანანი მარცხი იყო, თუმცა ძალიან კარგად გამოვიდნენ ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატზე.

 

ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. კალათბურთელები მორიგ ჯერზე გავიდნენ „ევრობასკეტზე“, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენ სექტემბერში მათ გამოსვლას „ევრობასკეტზე“. რაგბისტებმა მოიგეს რაგბი ევროპა და კიდევ ერთხელ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოლიმპიელებმა მიაღწიეს უპრეცედენტო შედეგს და გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მაღალი ადგილები მოიპოვეს ბოლო ოლიმპიადაზე.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ოლიმპიელებს, მათ შორის ჩვენს ორ კოლეგას განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთივს. ჩვენმა პარალიმპიელებმაც გაგვახარეს და პირველი მაჩვენებელი აიღეს გუნდურ ჩათვლაში ისტორიის მანძილზე, მათაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა ძიუდოისტებს, პირველად ისტორიაში, დღეს ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი არის როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონი. ეს არის საამაყო მიღწევა და მადლობა მათ ამისათვის. არ მინდა, ვინმე და რამე გამომრჩეს, როგორც უკვე ითქვა, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღეს 1 299 საერთაშორისო მედალი. მთლიანობაში ქართული სპორტი გამოირჩა ძალიან დიდი წარმატებებით, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკე აღებული სპორტის განვითარებისთვის. სპორტი ნიშნავს მეტ ჯანმრთელობას, ჯანმრთელ მომავალ თაობას, მეტ ინტერესს ბავშვებში რომ ჩაერთონ სპორტულ აქტივობაში ამ კუთხითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ის მიღწევები, რომლითაც ჩვენმა სპორტსმენებმა გაგვახარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსური მიდგომით და გარდა სახელმწიფო ფინანსებისა, საჭიროა ინვესტორების წახალისება, ვინაიდან სპორტის მიმართ დაინტერესება დიდია.

„გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე, გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია, როგორც საფეხბურთო და სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ. საუბარია როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.

 

ასევე, ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა – მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას, იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

„ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი, 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება ასევე გათვლილი ფეხბურთზე და რაგბზე. გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. მულტიფუნქციური იქნება თავისი დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მანამდე საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში