პრემიერ მინისტრის წლიური მოხსენება პარლამენტში დასრულებულია. მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში იმ ძირითად პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა.
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე საუბარი პრემიერმა ეკონომიკით დაიწყო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა , ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. კობახიძის თქმით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად მოხერხდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც 2021 წლიდან არსებობს.
პრემიერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდეს. ირაკლი კობახიძე შეეხო დაგეგმილ ფართომასშტაბიან პროექტებს მათ შორის: ანაკლიის პორტის პროექტს, ახალი აეროპორტის მშენებლობას და დააანონსა, რომ 2031 წლისთვის აეროპორტი ვაზიანში უნდა გადავიდეს, ასევე გაფართოვდება ქუთაისის აეროპორტი.
პრემიერ მინისტრმა აქცენტირებულად ისაუბრა, ასევე რკინიგზის განვითარებასა და ავტომაგისტრალების მშენებლობაზე.
თითქმის 150 გვერდიან დოკუმენტში ყურადღება გაამახვილა განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროექტებზე.
რაც შეეხება საგარეო კურსს, მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ქვეყნის პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა მზადაა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა აღადგინოს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, საელჩოების მხრიდან. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო, აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის გაცხადებულ მიზნად რჩება 2030 წელს ევროკავშირში ინტეგრაცია.