მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას - ასეთი რამ, მგონი, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს - პრემიერი

30 ივნისი 2025, 11:51 140 ნახვა

მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია.

„მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ, მგონი, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“ - ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 „ქართველი ხალხი“ გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა გერმანიის ელჩის ქმედებას პარლამენტის წინ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება.

„არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 28 ივნისს შიმშილობა დაიწყო. მან 29 ივნისს განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

 
 
 
რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი