პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს

30 ივნისი 2025, 14:19 150 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს დისტანციურად გამოჰკითხავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისია გახარიას ჩართვაზე უარს არ ეუბნება, „მაგრამ თავისი მხრიდან უნდა უზრუნველყოს ჩართვისთვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას“.

"გიორგი გახარიას ეს რიგით მეორე წერილია, სადაც ახლა უკვე სამ გვერდზე არის დასაბუთება წარმოდგენილი, არაფერი ფუჭდება იმით, რომ მას მოვუსმინოთ ჩართვის მეშვეობით. აგერ უკვე მეორე წერილით ის წინასწარ გვეუბნება უარს მობრძანებაზე, ასაბუთებს, რატომ არ და ვერ მოდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით, გვაქვს წარმოდგენა, რატომ გაიქცა ის ქვეყნიდან, როდესაც პირადად სახლში ჩაიბარა წერილი და მას არ უთქვამს ჩვენი წარმომადგენლისთვის, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა. მერე შეგვატყობინა, რომ გავედი ქვეყნიდან და ვერ მოვალო. როდესაც ჩვენ პრინციპული პოზიცია დავიკავეთ, ამის მერე მან დაიწყო ონლაინ ჩართვაზე აპელირება და მოთხოვნა, ჩამრთეთო. არავინ არ ვართ აქ გულუბრყვილოები. გასაგებია, რომ მას თავიდან ალბათ არ ჰქონდა რჩევა მიღებული, შემდეგ მიიღო შესაბამისი რჩევები იურისტი ქალბატონებისგან და ამ წერილებით მიგვანიშნებს, რომ მე არ მინდა დანაშაულის ჩადენა, არ ჩავდივარ დანაშაულს. ამას ვეძახით კვალის წაშლას, რომ არ არის ბატონო დანაშაულის შემადგენლობა და ბურთს გიგდებს მოედანზე. ჩვენ არც ბურთის გვეშინია და არც მოედანზე ბურთის თამაშის, მაგრამ თამაშის დრო არ არის. არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ თავისი მხრიდან უნდა უზრუნველყოს ჩართვისათვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დღეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ კომისიამ კიდევ ერთხელ განიხილოს გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად ჩართვის საკითხი.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი