პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

01 ივლისი 2025, 14:57 134 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და 80 ხმით მხარი დაუჭირეს.

საკითხი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულება.

„დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ჩანაცვლებითი თერაპიის 41 ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 21 სახელმწიფო და 20 - კერძო სტრუქტურას მიეკუთვნება. ცვლილებების მიზანია, ეს ცენტრები მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მოაქციოს. ამასთან, მკურნალობა, რომელსაც კერძო სუბიექტები ახორციელებდნენ და ფასიანი იყო, სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად გავამკაცროთ კონტროლი, სახელმწიფო გახდეს სრულად პასუხისმგებელი ჩვენს მოქალაქეებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ნარკომომხმარებლები არიან და სჭირდებათ ჩანაცვლებითი თერაპია“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით მოქმედ სახელმწიფო და კერძო პროგრამებში, სულ 15 000-მდე ბენეფიციარია ჩართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი