ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი გივი მიქანაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

01 ივლისი 2025, 15:14 139 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი გივი მიქანაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში გივი მიქანაძის ფართო გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„გივი მიქანაძეს აქვს ძალიან ფართო გამოცდილება, მათ შორის, განათლების სფეროში. ის თავად მუშაობდა, როგორც ლექტორი-პედაგოგი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი სამართლის სფეროში; ძალიან ახლო შეხება ჰქონდა ყველა იმ საკითხთან, რომლებიც დაკავშირებულია სამომავლოდ განათლების სისტემის რეფორმირებასთან. ის ასევე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო შსს-ს აკადემიის რექტორი; მენეჯმენტისა და მართვის რგოლშიც აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, ისევე როგორც პოლიტიკურ საქმიანობაში. არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, ყველა იმ თვისებითაა აღჭურვილი, რომლებიც სჭირდება მინისტრს, განსაკუთრებით იმ სამინისტროში, რომელსაც შეხება აქვს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან, საუბარი ეხება ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების მნიშვნელობას.

„ჩვენი ამბიციური მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივი და ფუნდამენტური რეფორმირება. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში სჭირდება ჩვენი ქვეყნის საუნივერსიტეტო განათლებას და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები. ვფიქრობ, ამ ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. ასევე არის უამრავი გამოწვევა ზოგადი განათლების დონეზე და იქაც გვჭირდება სერიოზული რეფორმების განხორციელება,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ეს არის უდიდესი ნდობა და ამავდროულად გაასმაგებული პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო იმ სამინისტროს მინისტრი, რომელიც ჩვენი მომავლის აღზრდაზე, მის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ამ ქვეყნის მომავალსა და მის წინსვლაზე არის ორიენტირებული”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და გივი მიქანაძეს წარმატებები უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი