ბათუმის სპორტის სასახლე სამი დღის მანძილზე მასპინძლობდა ტრადიციულ საერთაშორისო სემინარსა და ჩემპიონატს შოტოკან კარატე დო-ში „GEORGIA OPEN“-ს, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.
ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. პირველი დღე სემინარს დაეთმო, რომელიც საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მეშვიდე დანის მფლობელმა ნოდარ ხაჯიშვილმა მსოფლიოში აღიარებულ ოსტატებთან ერთად ჩაატარა.
მეორე დღეს გაიმართა შეჯიბრება დისციპლინა კატა-ში, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას ნიშნავს. „GEORGIA OPEN“-ის ბოლო, დასკვნით დღეს კი ტურნირი ორთაბრძოლებში - კუმიტესა და ჯუ-კუმიტეში ჩატარდა.
გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც თასებით, მედლებითა და შესაბამისი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ტრადიციული სემინარი და ჩემპიონატი, რომელიც 26-ედ გაიმართა, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.