„მიუხედავად ჩვენი მხრიდან კორექტული რიტორიკისა და ზოგადად, პოლიტკორექტულობისა, სრულიად მისაღებია საუბარი იმაზე, რომ ქართული "ოპოზიციის" დღევანდელი მოლოდინები სრული კრახით დასრულდა. თამამად შეგვიძლია იმ დასკვნების გამოტანა, რომ 15 ივლისის ევროკავშირის მინისტერიალმა არ მიიღო მკაცრი სანქციური გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, ე.წ. უცხოური გავლენის კანონის და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხოდ - ამის შესახებ "ხალხის" ძალის" მიწე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
დავით ქართველისვილის განცხადებით, ბრიუსელისადმი იმედგაცრუება და გარე ზეწოლით სასურველი შედეგის მიღწევის უუნარობა ასუსტებს ლიბერალურ ფრთას და მის მობილიზაციის უნარს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ოპოზიციის" ნაწილი უკვე ჩართულია ხელისუფლების "სალეგიტიმაციო" პროცესებში.
"მაქსიმუმ, შეჯერდნენ აბსურდული ხუთი მოთხოვნის შემცველი წერილის მომზადებაზე, რომელსაც ჩვენც ხუთი პუნქტით ვუპასუხებთ - რაში გამოიხატება ე.წ. "ოპოზიციის" ფიასკო:
1. სანქციები არ დაწესებულა
ევროკავშირმა არ დაამტკიცა სავიზო ან ეკონომიკური შეზღუდვები, მათ შორის, ფართო წრის მაღალჩინოსნების მიმართ, რაზეც "ოპოზიცია" და მისი უცხოელი ლობისტები ასე აქტიურად მუშაობდნენ;
2. დასავლეთის სიგნალი იყო ფრთხილი და არა გადამწყვეტი
ბრიუსელი, მკაცრი ნაბიჯების ნაცვლად, მხოლოდ განცხადებებითა და კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური ზომებით შემოიფარგლა, რაც უფრო ხელისუფლების სასარგებლო კომპრომისად აღიქმება და არა - "ოპოზიციის" გამარჯვებად;
3. ეს იყო საიმიჯო მარცხი "ოპოზიციისთვის"
თვეების მანძილზე წარმოებული "უწყვეტი პროტესტის" კამპანიის და ბრიუსელში არაერთი ვიზიტების შემდეგ, შედეგი თითქმის ნულია, რაც არღვევს საზოგადოების ნდობას "ოპოზიციის" ეფექტიანობის მიმართ;
4. ხელისუფლების მხარდამჭერი სოციუმის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა
მმართველ გუნდს ახლა შეუძლია თქვას, რომ "დასავლეთი მხოლოდ იმუქრება, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს", რაც დამატებით არგუმენტად გამოიყენება სუვერენიტეტის გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გასამართლებლად;
5. გარდაუვალია ლიბერალური წრეების დემორალიზაცია
ბრიუსელისადმი იმედგაცრუება და გარე ზეწოლით სასურველი შედეგის მიღწევის უუნარობა ასუსტებს ლიბერალურ ფრთას და მის მობილიზაციის უნარს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ოპოზიციის" ნაწილი უკვე ჩართულია ხელისუფლების "სალეგიტიმაციო" პროცესებში.
შედეგად, 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა, ამ ეტაპზე სტრატეგიული მარცხია "ოპოზიციისთვის", განსაკუთრებით მათ თვალში, ვინც ელოდებოდა ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ და მტკივნეულ რეაგირებას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს არანაირად არ გვაძლევს მოდუნების ფუფუნებას, თუმცა ჩვენი მზადყოფნა უსიამოვნო მოულოდნელობებისადმი არანაირ ეჭვებს არ უნდა იწვევდეს...“ - აცხადებენ "ხალხის ძალაში".