დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 ივლისი 2025, 13:55 152 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ე’’ (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), „თ“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით), „კ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და „მ“ (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი