რას აპირებს ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა ბრიუსელიდან ტონი სულ უფრო მკაცრდება? 31 აგვისტომდე ხელისუფლებამ ევროკომისიის რვა მოთხოვნა უნდა შეასრულოს. წერილი, რომელიც საქართველოში 4 დღის წინ გამოიგზავნა, მმართველი გუნდის მხრიდან შანტაჟად და ულტიმატუმად შეფასდა.
ხელისუფლება მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს არასრულწლოვანთა დაცვისა და დაფინანსების გამჭვირვალობის კანონებს, რომელთა გაუქმება ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
მმართველი გუნდი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეს გაზრდილად აცხადებს, ამ ფონზე კი ბრიუსელიდან გაძლიერებულ ზეწოლას ე.წ. დიფ სთეითისა და ევროპული ბიუროკრატიის კოორდინირებული მოქმედებებით ხსნის.
განცხადებას ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის რეკომენდაციები ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მაგალითად LGBTIQ მოქალაქეების უფლებების გამყარება და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, ასევე ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერებაა.