საქართველოს ელჩის შეხვედრები თურქეთში

25 ივლისი 2025, 17:44 233 ნახვა

თურქეთში საქართველოს ელჩმა ოფიციალური შეხვედრები გამართა დღეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსასა და ინეგოლში. არჩილ კალანდია შეხვდა ბურსას გუბერნატორს, ინეგოლის მერსა და ინეგოლის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს.

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის კულტურულ, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ თურქეთში მათ შორის, ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ინეგოლი და მარმარას რეგიონი არის პირველი, სადაც ქართული ასოციაცია შეიქმნა. სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს სავაჭრო პალატაში.

ინეგოლი ცნობილია ავეჯისა და ტექსტილის წარმოებით. აქ 2 ათასამდე მეწარმეა რეგისტრირებული და მათი დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველი, მუჰაჯირების შთამომავლებია, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში დიდი ხანია ეწევიან.

ელჩმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და პროცესში ორივე მხარე თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

თურქეთში საქართველოს ელჩი ინეგოლსა და ბურსაში ქართველების ფესტივალის ფარგლებში იმყოფება, თუმცა ტყის ხანძრის ქრობის დროს დაღუპული მეხანძრეების გამო ფესტივალი გაუქმდა, ოფიციალური შეხვედრები კი გრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში