შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
"სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია", - წერს პაპუაშვილი.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შვედეთი ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს.
ანუარ ელ ანუნიმ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოში ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას და მისი ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს გმობს.