დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის, თბილისის მერის კანდიდატურას - პრემიერი

31 ივლისი 2025, 21:21 192 ნახვა

დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის, თბილისის მერის კანდიდატურას,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადებული ნდობისა და რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის.

„დღეს, ამ ლამაზ და მშვიდ საღამოს, არ გვაქვს უფლება, პირველ რიგში, მადლობა არ გადავუხადოთ ქართველ ხალხს შარშან, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის. შარშან შედგა რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ.

 

სწორედ ამ გამარჯვებამ მოგვცა შესაძლებლობა, დღეს მთელი ყურადღება გადავიტანოთ თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში.

 

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად შეასრულებს ამოცანას, რომელიც გულისხმობს საქართველოში მშვიდობას და თითოეული კუთხისთვის მეტ სიკეთესა და განვითარებას.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ.

 

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. 2012 წლიდან საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. მისივე თქმით, კახა კალაძეს შეუძლია, რომ თბილისის თითოეული კუთხის მეტად განვითარება, მოწესრიგება და გალამაზება, რაც თითოეულ თბილისელს სჭირდება.

„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.

მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი