მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

06 აგვისტო 2025, 17:51 256 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის ერთ-ერთ დამფუძნებელს  მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მედია მენეჯერისთვის წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და იგი  სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა, რაც  გულისხმობს  წინააღმდეგობას პოლიციის მუშაკის მიმართ ჩადენილი ძალადობით.

სასჯელის ათვლა დაიწყება 12 იანვრიდან, მისი დაკავების დღიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით მედია მენეჯერს არ დაუდასტურდა ის ბრალეულობა რასაც პროკურატურა ედავებოდა, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოყვა დარბაზში მყოფი მედია მენეჯერის მხარდამჭერების, ახლობლებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან. განაჩენი გააპროტესტეს სასამართლოს ეზოში შეკრებილებმაც. „დასჯის დემონსტრაციული აქტი“ - ასე აფასებს განაჩენს დაცვის მხარე.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ ვერ გაბედა მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება და საპატიმროდან გაეთავისუფლებინა მზია ამაღლობელი.

დაცვის მხარე განაჩენს საპელაციო წესით გაასაჩივრებს. გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა დღევანდელ გადაწყვეტილებას მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბრალდების მხარეს გადაწყვეტილება ჩაბარდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი