საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

08 აგვისტო 2025, 18:02 368 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურდა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება, რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია.

ბრალდებულმა 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაამზადა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე გაასაღა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული ავეჯის მასალების საწარმოს მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, 2025 წლის 18 თებერვალს, მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც გააასხვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ბრლდებულს აღკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი