დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთს, რომელთანაც საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს - მიხეილ ყაველაშვილი

12 აგვისტო 2025, 19:10 192 ნახვა

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე  მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული  ბრიფინგისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგას გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და  განაცხადა, რომ  უმაღლესი დონის შეხვედრებისას,  საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი განიხილეს.

„თქვენო აღმატებულებავ,  მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის. დღეს, უმაღლესი დონის შეხვედრებისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და პირადად მოვიწვიე, ჩვენი მეგობარი, ბატონი პრეზიდენტი საქართველოში. ასევე, ჩვენ ხაზი გავუსვით მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება  შუა დერეფნის კონცეფციაზე და  ჩვენი ქვეყნებისათვის მის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ჩვენ აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის,  ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში.  გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, განათლების და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით. შეჯამების სახით, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ  დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი პოლიტიკური ნება, გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი