ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

16 აგვისტო 2025, 14:51 121 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი - ზ.ჯ. დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში